saqarTvelos kuTxeebi da terotoriuli mowyoba  
  
 
 
 
 


imereTis mxare

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იმერეთის ისტორიული ცენტრია ქალაქი ქუთაისი.

იმერეთი ადმინისტრაციულად 11 მუნიციპალიტეტად იყოფა:

baRdaTis municipaliteti samtrediis municipaliteti tyibulis municipaliteti wyaltubos municipaliteti
vanis municipaliteti saCxeris municipaliteti xaragaulis municipaliteti WiaTuris municipaliteti
zestafonis municipaliteti Terjolis municipaliteti xonis municipaliteti  

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.

იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

buneba

იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები - კავკასიური დათვი, ტახი, ირემი, შველი, მელა, მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულის, შაორისა და რიონჰესის წყალსაცავების ტერიტორია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად არის მცირე ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

klimati

იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან რაიონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, თუმცა დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია და ზაფხული შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა +2-5 °C, ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +38-40 °C. ნალექების რაოდენობა 100-200 მმ-ია. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150-ს შეადგენს; წყლის ძირითადი არტერიებია მდ. რიონი და ყვირილა.

istoria

ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა, ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, ე. წ. აბრეშუმის დიდი გზა, რომლითაც დასავლეთის სამყარო უკავშირდებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებს. ძველი კოლხეთის დაცემის შემდეგ, ეგრისის სამეფოს (III-VII სს.) ტერიტორია ბერძენ-სპარსთა დაპირისპირების ობიექტი ხდება. VIII ს. პირველ ნახევარში არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი (ნოქალაქევი) და ქუთაისიც კი აიკლო. არაბებთან ბრძოლაში დაიღუპნენ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები. VIII ს. მეორე ნახევარში აფხაზთა ერისთავი, ლეონ II, აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ამან გააერთიანა აფხაზეთი და ეგრისი. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, აფხაზთა სამეფოს სახელწოდება მიიღო. ლეონ II სამეფოს დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა. 978 წელს ქუთაისში მეფედ აკურთხეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (975-1014 წწ.), ხოლო 1089 წელს აქ მეფედ ეკურთხა საქართველოს უძლიერესი მეფე დავით აღმაშენებელი (1089-1125 წწ.). 1122 წლამდე საქართველოს სამეფოს რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა.

industrializacia

ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების წინსვლას დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სარკინიგზო მშენებლობამ, 1871 წელს გაყვანილ იქნა ფოთი-ყვირილის რკინიგზა, 1872 წელს - ფოთი-თბილისის რკინიგზა, 1883 წელს გაყვანილ იქნა თბილისი-ბაქოს რკინიგზა. 1877 წელს ამიერკავკასიის რკინიგზას შეუერთდა ქ. ქუთაისი. 1883 წელს ფოთი-თბილისის გზას შეუერთდა ქ. ბათუმის ხაზი. 1886 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის ხაზი.

საქართველოში რკინიგზებისა და სარკინიგზო სადგურების მშენებლობამ ხელსაყრელი პირობები შექმნა საქონელწარმოებისა და საქონელმიმოქცევის გაფართოებისა და ქალაქების, წინაქალაქებისა და სავაჭრო-სამრეწველო დაბების წარმოქმნისათვის. ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზზე დასავლეთ საქართველოში წარმოიქმნა ქალაქები: სამტრედია, ყვირილა, ახალი სენაკი, ტყიბული და სხვ. იწყება მეტოქეობა ამ ახლად წარმოქმნილ ქალაქებსა და ძველ ქალაქებს შორის.

ამ პერიოდიდან ქუთაისის გუბერნიაში არ დარჩენილა არც ერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი და დაბა, რომელსაც საქალაქო თვითმმართველობა არ მოეთხოვოს. ქუთაისმა საქალაქო თვითმმართველობა მოიპოვა 1875 წელს, ფოთმა - 1882 წელს, ბათუმმა - 1888 წელს, ოზურგეთმა - 1895 წელს, სოხუმმა - 1899 წელს. ამ ქალაქებთან ერთად ქუთაისის მაზრის სხვა ქალაქებიც და დაბებიც, მაგალითად, სამტრედია, ყვირილა, ხონი, ჭიათურა და სხვები მოითხოვდნენ გამარტივებული საქალაქო მმართველობის მიღებას, მაგრამ მათ ეს სტატუსი მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიიღეს. XIX ს. 70-იანი წლების დამლევიდან ქუთაისისა და იმერეთის სხვა ქალაქების ეკონომიკური ცხოვრება კაპიტალისტური წარმოების სფეროში ექცევა, იცვლება მანამდე გაბატონებული საწარმოო ურთიერთობა და იწყება მათი გარდაქმნა ბურჟუაზიულ ყაიდაზე.

erovnuli moZraobis aRmavloba

XIX ს. 60-70-იანი წლები მნიშვნელოვანი ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ამ დროიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ახალი თაობა - თერგდალეულები, რომელთაც მესვეურობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგო მესხი, იაკობ გოგებაშვილი. საზოგადოებრივ მოძრაობას სათავეში ედგა საქართველოს დიდი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.

ამ ეროვნულ საქმეში განსაკუთრებით გამორჩეულია ქალაქ ქუთაისის როლი. ამ დროიდან ქუთაისი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის თვალსაჩინო ცენტრი ხდება. საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში XIX ს. მეორე ნახევრიდან XX ს. 30-იან წლებამდე, არ ყოფილა ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის წამომწყები და ტონის მიმცემი არ ყოფილიყო ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენცია. იგი ყოველთვის თავს უყრიდა მთელი მხარის ინტელექტუალურ ძალებს, რადგან ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის მხარესთან. ქუთაისმა გაზარდა სახელოვანი თაობა, რომელმაც XIX ს. 60-იან წლებში „თერგდალეულთა“ ძირითადი ბანაკი შეადგინა.

ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი ქართველი ხალხის დიდმა ეროვნულმა მოღვაწემ და პოეტმა აკაკი წერეთელმა. ეს ქალაქი გახდა მისი პოეტური სამშობლო, რომელსაც იგი სავარდო და სამაისო ქალაქს უწოდებოდა. ქუთაისში დაიბადა და ჭაბუკობის წლები გაატარა დიდი ილიას მეგობარმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ. ქუთაისსა და იმერეთს შეეხება მისი სამეურნეო-ეკონომიკური პროექტები და მოწინავე რეფორმისტული იდეები, რომლებიც აქტუალურია დღესაც. ქუთაისის კულტურის ისტორიას ამშვენებენ ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის და სხვა დიდ შემოქმედთა სახელები. ქუთაისში გამოჩნდა სამწერლო სარბიელზე XX ს. პოეტური აზროვნების უბადლო ოსტატი გალაკტიონ ტაბიძე. ქუთაისში აიდგეს ფეხი დიდმა მოაზროვნეებმა გრიგოლ რობაქიძემ და მიხაკო წერეთელმა. ამ ქალაქთანაა დაკავშირებული „ცისფერყანწელებისა“ და სხვა სახელოვან მამულიშვილთა მოღვაწეობა.

XX saukunis reformebi

საქართველოს ზემოხსენებული ადმინისტრაციული დაყოფა 1921 წლამდე არსებობდა. 1921 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისის მაზრა, რომელიც 1929 წლამდე არსებობდა. 1929 წლის აგვისტოში მაზრის გაფართოების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის ოლქი. მაგრამ ეს ოლქიც გაუქმდა და ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქცია განისაზღვრა საკუთრივ ქუთაისით და მისი რაიონით.

1951 წელს კვლავ შეიქმნა ქუთაისის ოლქი, მაგრამ 1953 წელს ისიც გაუქმდა. 1959 წელს გააუქმეს ქუთაისის რაიონი და ქუთაისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი შემოიფარგლა საკუთრივ ქალაქით, მაგრამ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო: 1995 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისისათვის იტორიულად კუთვნილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი, რომელსაც საქართველოში ახალი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ იმერეთს მხარის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი მიენიჭა. 1998 წელს იმერეთის მხარე ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა.

ამჟამად, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისია. მხარეში შედის თერთმეტი მუნიციპალიტეტი: ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები.

mosaxleoba

1782 წელს, სოლომონ I-ის დროისთვის იმერეთის მოსახლეობა დაახლოებით 113 000 ადამიანს შეადგენდა. ეს რიცხვი დაეცა სოლომონ II-ის დროს. განსაკუთრებით დაზარალდა მოსახლეობა 1812 წელს შავი ჭირის ეპიდემიის დროს. 1817 წელს რუსეთის იმპერიის აღწერით ანგარიშობდნენ დაახლოებით 76 000 ადამიანს. ჟაკ ფრანსუა გამბას მიხედვით 1824 წელს იმერეთის მოსახლეობა 90 000 მოსახლე იყო და ამ რიცხვში შედიოდა რუსული ჯარის ნაწილებიც. გრაფი სერისტორის მიხედვით 1832 წლისთვის იმერეთში 125 000 ადამიანი ცხოვრობდა. დიუბუა დე მონპერეს ცნობით იმერეთის ოთხი მაზრის მოსახლეობა სულ 100 400 ადამიანი იყო.

soflis meurneoba

სოფლის მეურნეობა მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. მემცენარეობის პროდუქციიდან ძირითადია სიმინდი, ყურძენი და ბოსტნეული. კერძოდ, მწვანილი - ცერეცო, ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი და წიწმატი მთელი სეზონის განმავლობაში, ასევე სანელებლების დამზადება. ნედლეულის ბაზა - წყალტუბოს რაიონი, სადაც შესაძლებელია მოწეულ იქნeს 3 ათასი ტონა ცერეცო, 500 ტ. ქინძი, 1500 ტ. ოხრახუში, 250 ტ. წიწაკა, ასევე ზაფრანი, კამა, და ქონდარი 20 ტონის ფარგლებში. მიმდინარეობს მუშაობა სანელებლების დამამზადებელი მინისაწარმოს მშენებლობისათვის. ბაღჩეული - კიტრი, პომიდორი, სატაცური, ოსპი (წყალტუბოს, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები); ხილი - ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა, შინდი (ვანის, თერჯოლის, სამტრედიის მუნიციპალიტეტები); თაფლი (ბაღდათი, ხარაგაული, წყალტუბო, თერჯოლა). მეჩაიეობის ძირითადი ზონებია: წყალტუბო, ტყიბული და ხონი.

იმერეთში 100-მდე მსხვილი ფერმერული მეურნეობაა, რომლებიც ძირითადად ეწევიან მეცხოველეობას, მევენახეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მეხილეობას, მეფუტკრეობას, მემწვანილეობას.

transporti

მნიშვნელოვანი რესურსული პოტენციალის რანგშია იმერეთის რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლით გამოიხატება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან - ქუთაისიდან მანძილი უახლოეს საზღვაო პორტამდე - ფოთამდე 102 კილომეტრია, დედაქალაქამდე - 236 კმ. ქუთაისში ფუნქციონირებს 2 აეროპორტი, რომლიდანაც ერთ-ერთში (კოპიტნარის) სრულდება საერთაშორისო რეისები. შესაბამისად, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგებია. ტრანსპორტის სახეობებიდან ძირითადად განვითარებულია საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტი. 2006 წელს სატრანსპორტო მომსახურების მოცულობამ 5,6 მლნ. ლარს მიაღწია, ხოლო დარგში დასაქმებულთა რიცხოვნობამ - 1827. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ფუნქციონირებდა 89 საწარმო. საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 2754,8 კმ, ხოლო სარკინიგზო - 229,285 კმ.

energetika

იმერეთი ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონია, რამაც განაპირობა ხუთი ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირება (რიონჰესი, გუმათჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, ვარციხეჰესი). სულ მათი პოტენციური (დადგმული) სიმძლავრეა 997,4 მეგავატი. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის წარმოება რეგიონის სამრეწველო წარმოების უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელსაც მთელი წარმოების სტრუქტურაში 21-23 %-იანი სეგმენტი უჭირავს.

eqsporti

ექსპორტის მხრივ განსაკუთრებული ადგილი მხარის მრეწველობაში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას უჭირავს, რომლის ხვედრითი წილი საექსპორტო პროდუქციაში 88 %-ის ფარგლებშია. ძირითადი ადგილი უჭირავს მეტალურგიასა და ლითონპროდუქტების ექსპორტს, ხოლო კვების პროდუქტებიდან: ღვინომასალები, ჩაი, მწვანილი, რომლებიც ევროპისა და რუსეთის ბაზრებზეა ორიენტირებული.

mineraluri resursebi

რეგიონი მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ყვირილისა და ზესტაფონის რაიონებში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე. მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, ბარიტის, ლიატონიტის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბენტონიტური თიხებით (გუმბრინი), მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით.

მრავალფეროვანია მხარის რაიონების ნიადაგი. მათი გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი და მცენარეული საფარი განაპირობებს ნიადაგის ხასიათს. უპირატესი გავრცელება აქვს: ალუვიურ, სუბტროპიკულ ეწერ ყვითელმიწა, წითელმიწა, ნეშომპალა- კარბონატულ და კომრალ ნიადაგებს. მაღალმთიან რაიონებში გვხვდება ღია გაეწრებული ტყის მურა ნიადაგებიც. ყვითელმიწა და თხელ ფენად წითელმიწა ნიადაგები. ორივე მათგანი გამოიყენება ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად.

rekreaciuli resursebi

იმერეთს წამყვანი ადგილი უჭირავს რეკრეაციულ სისტემაში, უნიკალური ბუნებრივი და ჰიდრომინერალური რესურსების, მინერალური წყლების სახით. სამკურნალო წყლებიდან გამოიყოფა წყალტუბო, საირმე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნუნისი ხარაგაულში, სულორი ვანში, აგრეთვე საჩხერის სხვადასხვა მინერალური წყაროები. დიდი რაოდენობითაა თერმული წყლების მარაგი.

მთისა და ტყის მასივებს 250 000 ჰა ფართობი უჭირავს. რეკრეაციული რესურსებია სამთო ქვეითი, სამთო საცხენოსნო, სპელეო ტურიზმი, რაფტინგი მდინარე რიონზე. იმერეთის ტურისტული პროდუქციის ერთ-ერთ უპირატესი მიმართულება კურორტები და გამაჯანსაღებელი ზონებია. რეგიონის ლანდშაფტი, სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებს მიმზიდველს ხდის დამსვენებლთათვის. დღეისათვის იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა, მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სიმონეთი, სულორი, საწირე, ჭითურის ხრეითი, სამტრედია, ზვარე, ამაღლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სათაფლიის ნაკრძალი წყალტუბოს ტერიტორიაზე (345 ჰა), კარსტული გამოქვაბულითა და დინოზავრის ნაკვალევით.

 

imereTis foto galerea
         

 

ადმ. ცენტრი ქუთაისი
კოორდინატები 42°10`00″ ჩ. გ. 42°59`00″ ა. გ.
რეგიონი იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 11
მოსახლეობა 533 906 (2014) კაცი
ფართობი 6516 კმ²
მოსახლეობის სიმჭიდროვე 81,9 კაცი/კმ²
ეროვნება ქართველები 99,32 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,81 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი http://imereti.gov.ge/

 

       
       

 

imereTis RirSesaniSnaobebi
       
       

 

kulturuli memkvidreoba

მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრე და ვანის ნაქალაქარი. ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას.

arqiteqturuli Zeglebi

  • ილმის „შემოქმედის“ ეკლესია - აშენებულია XI-XII საუკუნეებში. 1993-98 წლებში აღდგენილია ნაწილობრივ. დღეისათვის მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.
  • გუბადიანის „კონწოლია“ ეკლესია - ასე მოიხსენებს მოსახლეობა სოფელ ზედა საქარაში თავაძეების უბნის წმ. გიორგის სახელობის IX-X საუკუნის ძეგლს. გუმბათიანი ჯვრის ტიპის ბაზილიკა თლილი ქვისა და კირისაგანაა ნაშენი. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარეთ წახნაგოვანი, აქვს 8 სარკმელი.
  • სოფელ წევის წმ. გიორგის ეკლესია - ზესტაფონის აღმოსავლეთით 10 კმ-ის მოშორებით ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს თლილი ქვისა და კირისაგან ნაგები ბაზილიკის ტიპის, წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია,
  • მწყერის ციხე - როგორც მდებარეობა აჩვენებს, იგი აგებული უნდა ყოფილიყო ციხე-ქალაქ შორაპნის სადარაჯო პუნქტად.
  • თვრინის ციხე-დარბაზი
  • სასახლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ საზანოში მდ. ძუსის მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა.
  • შორაპნის ციხე - მდინარების ყვირილასა და ძირულას ხეობაში მდებარეობს დაბა შორაპანი. აქ შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ეს უძველესი ძეგლი.
  • ბაგი-ბუგის ეკლესია - დღეს ეკლესიის შენობა საგრძნობლად დაზიანებულია, სახურავი გადახდილი აქვს.
  • საგელათოს ეკლესია კვინწიხის გორაზე.
  • ბუჯის ციხე - უნდა ეკუთვნოდეს XII საუკუნის ძეგლს.
  • თამარის ხიდი - ლეგენდის თანახმად ხიდის ასაშენებლად მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი გაომოუყენებიათ
  • ქალაქი ბალიასტომი - გადმოცემით, სოფელ საზანოში მდ. ძუსის სანაპიროზე ყოფილა ქალაქი ბალიასტომი გაშენებული. ქალაქი იწყებოდა „თამარ მეფის ხიდიდან“ და მთავრდებოდა ზედა საზანოში.
  • ციხე სკანდა - ციხე-სიმაგრე, რომლის უძველესი ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, ასეული წლების განმავლობაში იყო საქართველოს და კერძოდ, იმერეთის სამეფოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი.
  • გოგნის „კარუგდებელი“ - ყოველ 6 მაისს კარუგდებელაზე იმართება გიორგობის დღესასწაული, სადაც მთელი დღის და კვირის განმავლობაში უამრავი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის სალოცავზე.
  • ტაბაკინის მონასტერი - წმინდა გიორგის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ეს შესანიშნავი ძეგლი მდებარეობს სოფელ ტაბაკინის ტერიტორიაზე ზესტაფონის სამხრეთით 10 კმ-ის მოშორებით მყუდრო და იშვიათი სილამაზის ადგილზე.
  • ვანის წმინდა გიორგის ეკლესია - ხარაგაულში არსებულ სალოცავთაგან ვანის ეკლესია ერთ-ერთი უძველესია, იგი IX-X ს. თარიღდება,
  • ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია - IX-X სს. ძეგ ლია, მას „დედაღვთისას“ უწო დებენ. ტაძარი, როგორც შემორჩენილი ნაგებობებიდან ჩანს, დიდებული არქიტექტურული გე­მოვნებით ყოფილა აგებული და ადგილ მდებარეობას თან შეხამებული.
  • უბისის მონასტერი - სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისის დიდებული ტაძარი, იგი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ტაძარი დარბაზული ტიპისაა.
  • ფარცხნალის კახორის წმ. გიორგის ეკლესია - მასზე ისტორიული მასალები ძალზე მწირადაა შემორჩენილი. არის თქმულება, რომ „კახორის“ მთაზე წმ. გიორგის ეკლე სიის მშენებლობის დროს ხალხი რიგში ჩამდგარა, ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვას და ასე აუზიდიათ სამშე­ნებლო მასალა.
  • ვარძია - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანსამბლს წარმოადგენს სოფ. ვარძიის „დედაღვთისას“ ტაძარი, ე. წ. „კიკოს“ დიდებული მონას­ტერი.
  • ტბეთის ეკლესია - ამ ეკლესიას სახელად „ტბეთის წმინდა გიორგის ეკლე სია“ ეწოდება და აგებულია ყრუ მთაში. ეს სახელი სავარაუდოდ იმ სახელოვანი ტბეთის ეკლესიის პატივისცემით დაურქმე­ვიათ, რომელიც არსებობს შავშეთსა და ერუშეთში, ან კიდევ ახლო მდებარე ერთი პატარა ტბის გამო
  • გედსამანიის საყდარი - „ტბეთის“ ეკლესიას თან ახლოს წმ. მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აგებული „ვარდობის“ ეკლესიაა. მის ირგვლივ სათოფურებიანი გალავნის ნანგრევებია შემორჩენილი. 1737 წელს შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია „გედსამანიის საყდარი“.
  • ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია - მდინა რეჩხერი მელას ხეობაში, შემაღლებულ ბორცვზე, სოფელ ლაშის ტერიტორიაზე არის გალავანი სადაც ეკლესიის ნანგრევებია. უფრო ადრე, მის ადგილას ციხე ყოფილა გა­ლავ ნით.
  • მირონწმიდა - ერთნავიანი ბაზილიკა, ნაშენია შირიმის ქვისა და კირისა გან. შიგნით მოხატული ყოფილა, მაგრამ 1900-იან წლებში სასულიერო უწყების ნებარ­თვით შეულესიათ. კირი ადგილ-ადგილ ჩამოცვენილია და თაღის ნა წილზე მოჩანს მხატვრობა.
  • ხიდრის წმინდა გიორგის ეკლესია - არქივებში დაცული მასალების მიხედვით, ხიდრის ეკლესია აგებულია 1870 წელს.
  • ვახანის ციხე - სოფელ ვახანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალი მთის წვერზე დგას. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი X-XI სს. ძეგლია.

კურორტები

imereTis istoria

gamoCenili imerlebi

 

 

Cvens Sesaxeb

ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

 

"წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე"